1) საზღვრის კვეთის რეგულაციები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. საზღვრის კვეთისას ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარადგინოს: მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი ბიომეტრიული პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) – კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში; ვიზა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ტრანზიტით გადაადგილებისას – გასვლის ქვეყნის მოქმედი ვიზა – ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
თუ არასრულწლოვანი საქართველოდან გადის პასპორტით და მას ახლავს ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), მეორე მშობლის ცალკე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა საჭირო არ არის, მთავარია თანხლებმა კანონიერმა წარმომადგენელმა თან იქონიოს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, რათა დადასტურდეს მშობლობა.
16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი საქართველოდან დროებით გადის სხვა სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით; – 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი დროებით და დამოუკიდებლად გადის საქართველოდან, ერთ ერთი კანონიერი მშობლის დამოწმებული ნებართვით (გაიცემა ნოტარიუსთან). არასრულწლოვანს საზღვრის გადასაკვეთად ასევე უნდა ჰქონდეს ყველა სხვა საერთო საბუთი, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლისათვის (მაგალითად, ვიზა, სამოგზაურო დაზღვევა, მოწვევა, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ.). ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაშიც კი მესაზღვრე უფლებამოსილია დამატებითი კითხვები დასვას, რაც ემსახურება თქვენი და თქვენი არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხო და ლეგალურ გადაადგილებას.